logo
ENG



ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს საზღვრის შეზღუდვას ისევ არ აპირებს

15 მარ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს. ლარსის გამშვებ პუნქტზე, მოქალაქეები შეზღუდვის გარეშე გადაადგილდებიან, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული შეფერხება მაინც არის. სამხედრო გზაზე სატვირთო ავტომობილების რიგებია. მძღოლებისთვის კი დაზუსტებით უცნობია, რა არის ამის მიზეზი. 

მძღოლების თქმით, მათ არ იციან, რა ხდება და რატომ არიან გაჩერებულები. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, მათივე განმარტებით, კორონავირუსზე არავის შეუმოწმებია არც საქართველოს და არც რუსეთის საზღვარზე. 

ოპოზიციისთვის კი გაუგებარია, რატომ არ გადადგა ხელისუფლებამ იგივე  ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში. რამდენი ადამიანია დავირუსებული რუსეთში, უცნობია და ამ ფონზე მმართველ გუნდს შესაბამისი ზომები ჯერ კიდევ არ მიუღია.

"სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა უამრავმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა. ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე დიდი ღირებულება და არა ის, ივანიშვილმა და მისმა ძმამ ღვინო გაიტანონ რუსეთში, რაც შეიძლება მალე", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გიორგი ვაშაძის თქმით კი, რუსეთის მიერ ინფორმაციის დამალვა გამოცდილი პრაქტიკაა. 

"ციფრებს, რასაც რუსეთისგან ვიღებთ, ყველაზე ნაკლები ნდობა აქვთ. საბჭოთა კავშირის გამოცდილებაა ეს და ამიტომ ვფიქრობთ, გადასადგმელია ნაბიჯები. მით უმეტეს თურქეთთან უფრო აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ჩრდილოეთთან", - განმარტა ვაშაძემ. 

 


close დახურვა