logo
ENG



ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას სურსათის ან პირბადის დეფიციტი - გიგი წერეთელი

27 თებ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსის გამო, პანიკას არ აყვნენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობას ყველა საჭირო ინვენტარსა და საკვებზე წვდომა ჰქონდეს. ასევე, მისი თქმით, მთავრობამ არ უნდა დაუშვას, რომ სააფთიაქო ქსელებში პირბადის დეფიციტი არსებობდეს. დეპუტატმა იმ სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს. კერძოდ, წერეთელი დაინფიცირებულთა განკურნების სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ დავირუსებული ადამიანების 80% გართულების გარეშე იკურნება. 

"მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოში არის ბევრი კითხვა და შეშფოთება. არ მინდა ვთქვა, რომ არის პანიკა. ყველაზე ცუდი, რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს, არის გადამეტებული რეაქციები. პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ აირს. სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები უნდა იყონ მზად. საქართველოში არის ლუგარის ცენტრი, ასევე კვალიფიციური დაავადებათა კონტროლის ცენტრი. არის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზებიც მსოფლიოში. მაგალითად იგივე ჩინეთში, იგივე ჰუბეის პროვინციაში ლეტალური შემთხვევები შემცირდა. ასევე ვიეტნამში 16 დაავადებული იყო და ყველა გამოჯანმრთელდა. არ შეიძლება იმის გავრცელება, რომ ეს არის მკვლელი ვირუსი. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ვირუსის რთული შემთხვევები არის დაახლოებით 20%-ში გართულებები, ისიც მაღალ ასაკობრივ სეგმენტში. მოდუნება არ შეიძლება რა თქმა უნდა. პოლიტიკურ ჭრილში არ გადაგვაქვს ეს საკითხი. პირიქით კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა მიხედოს და შეიძლება ითქვას, რომ უკეთესადაც უნდა მიხედოს. ამ შეშფოთების გამო, პრაქტიკულად არის დეფიციტი პირბადეების. ზოგიერთ რეგიონში 10-ჯერ გაიზარდა ფასი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჰიგიენის საშუალებები, პირბადეები უფასოდ რიგდება. მაგრამ სანამ ეს არ ხდება ვერ ვიტყვით, რომ პრევენციული საშუალებები ტარდება კარგად. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას სურსათის ან პირბადის დეფიციტი", - აღნიშნა გიგი წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოშო კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოდიოდა, რა დროსაც ის საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

 


close დახურვა