logo
ENG



ხელისუფლებას არ სურს გაიგოს მისი წარუმატებლობა - თურნავა დეპუტატებს დახურულ ფორმატში ხვდება

05 ივნ 202017:56
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის შესვლა ორშაბათამდე გადაიდო. მანამდე კი ეკონომიკის მინისტრსა და დეპუტატებს შორის დახურულ ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიცია აღნიშნულს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი გამჭირვალე პროცესი კიდევ ერთხელ მეტყველებს არასტაბილურობაზე. ოპოზიციის განმარტებით, ეკონომიკის მინისტრის მიმართ არაერთი კითხვაა, რაზეც ნათია თურნავა პასუხს არ სცემს.

"დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ისეთივეა, როგორც დახურული სახით თქვენს წინაშე წარმოდგენა. როგორც ვერ გაიგებთ ჩემს განწყობას ამ პირბადის ქვეშ, რაც მიკეთია, ისევე არ უნდა ხელისუფლებას რომ გაიგოს მათი წარუმატებლობა. ამიტომ ხურავენ კარებს. რატომ იზრდება ფასები? რატომაა ლარი გაუფასურებული, რატომ მუშაობენ პირდაპირ რუსეთის ინტერესებზე? ვის კისერზეა ანაკლიის პორტის ჩაძირვა",-აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დახურულ ფორმატში შეხვედრას სხვაგვარად ხსნიან უმრავლესობაში. რომან კაკულიას თქმით ოპოზიცია პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული. სწორედ ამ მიზეზის გამო დღევანდელი შეხვედრა საჯარო არ არის.

"სამწუხაროდ ჩამოყალიბდა ტრადიცია, როცა გარკვეული პოზიციონირება ხელისუფლების მიმართ ითვლება რომ გაცილებით ეფექტურია, თუ ის მიმდინარეობს შეურაცხყოფების ფონზე. რადგან ეს პროდუქტი კარგად გაყიდვადია მედიაში, ამიტომ მე მინდა ეს პროდუქტი გაყიდვიდან ორი საათი ამოვიღო და ამის გარეშე ვაწარმოოთ გარკვეული შეხვედრა",-გაანცხადა რომან კაკულიამ.

თავად ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის მუდმივად მზადაა ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს, ამიტომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა.

"მზად ვარ, თუ რამე კითხვა დარჩა ეკონომიკური ან ანტიკრიზისულ სტრატეგიასთან დაკავშირებით, იგივე ტურიზმის პერსპექტივებთან დაკავშირებით, ასეთ სამუშაო ფორმატში მოვახსენო დეპუტატებს",-აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მთავარ საფინანსო დოკუმენტის ჩასწორებულ ვერსიაში მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 4%-იანი შემცირებაა გათვალისწინებული.იმის გამო, რომ სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლების მილიარდ რვაასი ლარი აკლდება, მთავრობა დონორებისგან სესხს იღებს და ამ გზით აპირებს საბიუჯეტო დანაკლისის შევსებას და ანტიკრიზისული პროგრამების დაფინანსებას. 


close დახურვა