ოპოზიცია გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მის წინააღმდეგ ახალი საქმეების წინ წამოწევას ცდილობს.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ხელისუფლებას სურს მედიამფლობელი პატიმრობაში დატოვოს და ამიტომაც მიმართავს პროპაგანდას ძველი საქმეების გახსენებით.
„ის რაც ხდება სასამართლოში და მედიაში, მიანიშნებს რომ პოლიტიზებულია ეს საქმეები. 30 წლის წინანდელი საქმეების წინ წამოწევა ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას სურს ნებისმიერი სხვა ბრალით რურუა დარჩეს პატიმრობაში. ამიტომ ის შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს რვა მარტს და რომელშიც მედიატორები იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, უნდა შესრულდეს", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
„ევროპულ საქართველოში“ ფიქრობენ, რომ შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებისათვის და ამიტომ აუცილებელია, რომ რურუამ საპატიმრო დატოვოს.
„ყველა ოპოზიციური პარტია მოითხოვს რვა მარტის შეთანხმების შესრულებას და ეს ითვალისწინებს ორ კომპონენტს: საკანონმდებლო ცვლილებები და პოლიტპატიმართა გათავისუფლება. ასეთად რვა მარტის შეთანხმების თანახმად, მოაზრებულია რურუაც და მიუღებელია ის პროპაგანდა, რომელიც დაიწყო ოცნებამ და მიუღებელია სპეკულაციები, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებდა რურუას გამოშვებას", - ამბობს ლევან თარხნიშვილი.
„ლელოში“ კი ფიქრობენ, რომ პოლიტპატიმრის გათავისუფლება მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატიული პროცესებისთვის. გრიგოლ გეგელიას აზრით, შეთანხმების შესრულებით პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ პარტიები ასრულებენ საკუთარ სიტყვას.
„იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართოს ცივილიზებულად და დემოკრატიულად, მნიშვნელოვანია შეთანხმების სრულად შესრულება. ამაზე მეორე აზრი, კომპრომისი არ უნდა იყოს. პოლიტიკურ ველზე უნდა შევეჩვიოთ სიტყვის შესრულებას და ხედავდეს ხალხი, რომ ცივილიზებულად შევთანხმდით და ეს სრულდება", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
„გირჩში“ კი აცხადებენ, რომ თორაძეების საქმე ხანდაზმულია და მისი თავიდან გამოძიებისთვის განსაკუთრებული მიზეზი უნდა არსებობდეს. ისინი ეთანხმებიან ოპოზიციურ პარტიებს და ამბობენ, რომ აუცილებელია რურუას გათავისუფლება.
„გირჩი თავიდანვე ამ პოზიციაზე იყო. შეუძლებელი მგონია სხვა აზრზე ვიყოთ ამ საქმეზე. თორაძეების საქმე, როგორც ვიცი, ხანდაზმული იყო და როცა ხანდაზმული საქმეების გამოძიება იწყება, ის ყოველთვის უნდა იყოს განსხვავებული შემთხვევა", - ამბობს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.