„ფორმულას“ ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი შაბათს გაიმართება. პარალელურად ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას იწყებს, რომელშიც კომპრომისული არაფერია, მთავრობის შესაქმნელად დაწესებული 40 პროცენტიანი ბარიერის გარდა. სანაცვლო პირობა 110-40 ზე მოდელია, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მთავრობის დაკომპლექტებისთვის ზღვარის დაწესების დაპირებას ენდობა და ელოდება, როცა ზეპირი განცხადებები დოკუმენტის სახეს მიიღებს. პარალელურად კი საკუთარი შეთავაზებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოკავშირე იპოვა, - ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად ოპოზიციის სტატუსით სრულად იზიარებს ბიძინა ივანიშვილის გუნდის მოდელს.
პოლიტიკური ძალა რომელზეც კახი კალაძე საუბრობს - გია ჟორჟოლიანია. დეპუტატი, რომელმაც „ქართული ოცნება" ახლახანს დატოვა. ჟორჟოლიანმა დღეს მედიასთან საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ოცნების“ წინადადებები მისთვის და სხვა დეპუტატებისთვის მისაღებია. მმართველი პარტიის საარჩევნო წინადადებები მიუღებელი არც დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის არის, თუმცა მათ საკუთარი მოთხოვნაც აქვთ.
ოპოზიციამ აქაც ივანიშვილის ხელწერა ამოიკითხა. ე.წ ამბოხებული მაჟორიტარების შემდეგ „ოცნება“ ე.წ „ოპოზიციას“ ააქტიურებს. გათვლა საერთაშორისო საზოგადოებაზე კეთდება. თუმცა პოლიტიკური პარტიები ამბობდნენ, რომ დიპლომატიური კორპუსი არ მოტყუვდება - შეთანმხება გაფორმებულად ვერ მიიჩნევა თუ ის რეალურ ოპოზიციასთან არ მოხდება. ოპოზიციის მოთხოვნები კი ერთიანი და უცვლელია - ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და მანდატების განაწილებას 130/20-ზე პროპორციას ითვლისწინებს.
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდსაც, ისე როგორც წინა შემთხვევებში, დიპლომატიური კორპუსი ამზადებს. პროცესში მონაწილე ელჩები ახლა პოლიტიკურ შეთანხმებას ელიან - რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, იქნება ნიშანი, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება.
საქართველოსა და ხელისუფლებას შორის 4 უშედეგო შეხვედრა შედგა. გიგი უგულავას დაკავების შემდეგ პოლიტიკური დიალოგი შეწყდა და ფორმალური გარემოდან არაფორმალურ ვითარებაში გადაინაცვლა. როგორც ჩანს, დიპლომატების მცდელობამ შედეგი გამოიღო - პოლიტიკური ოპონენტები დიალოგის მეხუთე რაუდნისთვის ემზადებიან.