logo
ENG



ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს დაჩაგრულის დაცვას და არა ძლიერის მხარეს ყოფნას - ოპოზიცია 17 მაისზე

17 მაი 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკოსები ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობასა და მათი უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლების აკისრებენ. ისინი ამბობენ, რომ სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები 17 მაისის მხარდამჭერ განცხადებებს არ გააკეთებენ, იქამდე პრობლემა ვერ მოგვარდება.

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებას საზოგადოების უმრავლესობის და ეკლესიის ეშინია, რადგან მხარდამჭერი განცხადებებით, ის ამომრჩევლებს დაკარგავს. 

"დღე, რომელიც არის ძალადობის საწინააღმდეგო დღე; დღე, რომელიც უნდა იყოს თავისუფლების დღე, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში პირიქით - ძალადობის და ადამიანის უფლებების დარღვევის დღეა, როდესაც ადამიანებს თავიანთი განსხვავებულობის გამო ეშინიათ. ხშირად ეს უკავშირდება უმრავლესობის შიშს,  იმას, რომ შენ შეიძლება უმრავლესობამ ამის გამო გაგაკრიტიკოს და წინასაარჩევნოდ ეს ხელისუფლებებს არ აწყობთ ხოლმე; და ასევე ეკლესიასთან გარიგებებს, რომლისთვისაც ეს არის, უბრალოდ, ძალაუფლების ინსტრუმენტი", - განაცხადა ხოშტარიამ.

მის პოზიციას იზიარებს "რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია. კორძაია ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარებაში უნდა იყვნენ ჩართულები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.  

"პრობლემები ყოველთვის იგივე დარჩება, სანამ პრეზიდენტი, პრემიერი,  პარლამენტის თავმჯდომარე 17 მაისს არ გამოვლენ და ბრიფინგს არ მიუძღვნიან ამ დღეს და არ იტყვიან, რომ ეს არის ქვიარ ადამიანების ხილვადობის დღე და ეს დღე არის ფერადი და ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს. ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს დაჩაგრულის დაცვას და არა ძლიერის მხარეს ყოფნას. ჩვენი ხელისუფლება საპატრიარქოს ან ივანიშვილის მიერ ყოველთვის დაჩაგრულია", - აღნიშნა კორძაიამ. 


close დახურვა