ქვეყანაში საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რამაც 14.7%-ით მოიმატა. გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.
მოსახლეობა აცხადებს, რომ რიგ შემთხვევაში, ფასები გაორმაგებულია. ყველაზე მძიმე მათთვის მედიკამენტებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაძვირებაა. მოქალაქეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა.
„ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება, აღმოჩნდა შუსრულებადი და ტყუილი. ამის ნაცვლად ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ის, რასაც სთავაზობდა "ევროპული საქართველო" ორი მიმართულებით - უნდა მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, პირველ რიგში გადასახადების შემცირებით, მათ შორის აქციზის გადასახადის და მეორე მხრივ - მოსახლეობის უკეთესი დაცვა, მეტი თანხის გაცემა მოსახლეობაზე მათ შორის საპენსიო ფონდის გამოყენებით თივთდასაქმებულებისთვის უხელფასოდ დარჩენილებისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.