logo
ENG



ხელისუფლების დისკრიმინაციული ბოიკოტი კრიტიკულ მედიასთან - ფორმულას მიმართვა დიპ. კორპუსს

30 ივნ 202119:08
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ხელისუფლება უპასუხისმგებლო მედიაპოლიტიკას განაგრძობს. რამდენიმეკვირიანი ფიქრის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს ტელეკომპანია ფორმულასთან და უარი თქვას, მის გადაცემებში უპასუხოს ჟურნალისტების შეკითხვებს.

კრიტიკული ტელეარხების მიმართ ბოიკოტი ქართულმა ოცნებამ, დიდი ხანია, წესად აქცია. ბოლო პერიოდში მმართველმა გუნდმა ეს მიდგომა ნაწილობრივ შეცვალა, თუმცა ტელეკომპანია ფორმულასთან კვლავ დისკრიმინაციული დამოკიდებულების შენარჩუნება არჩია.

ჩვენთვის შემაშფოთებელია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი თქვან ფორმულას ტელეეთერში სიარულზე მაშინ, როდესაც ზოგიერთ სხვა კრიტიკული ტელეარხის მიმართ ეს მიდგომა შეიცვალა.

ამის პარალელურად გასულ დღეებში  განვითარებული მოვლენები ჩვენს შეშფოთებას მხოლოდ ამძაფრებს: პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრემიერმა ღარიბაშვილმა პერსონალური თავდასხმისა და მუქარის სამიზნედ ფორმულას დამუფუძნებელი ამოარჩია. ამასთან, ფორმულას ოფიციალურ Facebook გვერდზე განხორციელდა ორგანიზებული შეტევა, რაზეც მიანიშნებს თავად სოციალური ქსელისგან მიღებული განმარტებებიც. ამის გამო ფორმულას გვერდი, რომელიც ამ დრომდე რეიტინგებში მოწინავე იყო, დღემდე შეფერხებით მუშაობს.

ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტები, ბოიკოტი ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით ან რაიმე სხვა საბაბით დაასაბუთოს.

ჩვენი ტელეკომპანია მოქმედებს მაღალი მედიასტანდარტით, მიჯნავს ფაქტებს მოსაზრებებისგან და იცავს ჟურნალისტურ ღირებულებებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ და ავამაღლოთ საზოგადოებაში ამ პროფესიის მიმართ ნდობა.

დაარსების დღიდან ფორმულა იმ ფასეულობებისა და ღირებულებების ერთგულია, რაც შეესაბამება ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ეს მოიცავს პლურალიზმს,  საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფას, ადამიანის უფლებებზე ზრუნვასა და მაკონტროლებელი ფუნქციის შეთავსებას. 

ამჟამად ვართ ეტაპზე, როცა ჩვენი ძალისხმევა აღარ არის საკმარისი ჩართულობის მაღალი ხარისხის მისაღწევად. ხელისუფლების დისკრიმინაციული მიდგომა გვირთულებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას და გვიქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს.

ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო პარტნიორების, იმ ელჩებისა და დიპლომატებისა, რომელთაც არაერთხელ გამოგვიცხადეს მხარდაჭერა არხისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს.

ფორმულას მხარდაჭერა ახლაც განსაკუთრებით სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ პოზიტიურ ბერკეტებს, რათა მივაღწიოთ საერთო ამოცანას - ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, ამაღლდეს დებატის ხარისხი, ამომრჩეველმა  კი შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ არის ხელისუფლების კეთილი ნება, ეს მისი ვალდებულებაა. არასასურველი მედიის მიმართ მმართველი გუნდის პარტიული ბოიკოტი საფუძველშივე ეწინააღმდეგება იმ იდეალებს, რისკენაც ჩვენი ქვეყანა, თქვენი დახმარებით, უნდა ისწრაფოდეს. ვიმედოვნებთ, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულებების საბაზისო ჩარჩოს დადგენა.


close დახურვა