logo
ENG



ხელკეტებით გადმოვიდნენ მანქანიდან და ერთ-ერთ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ - შაქარაშვილის ბიძა

25 ივნ 202007:17
3 წუთის საკითხავი
 

19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს დღეს დაკრძალავენ. გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გრძელდება. ახალი დეტალები კი საქმეში ამ ეტაპისთვის კვლავ არ იკვეთება.

შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, ვერსიების გამოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ნიკოლაძე ადასტურებს ფოტოგრაფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხელკეტების არსებობის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მიაყენეს თუ არა ხელკეტებით შაქარაშვილს დაზიანებები.

ასევე უცნობია, ნაპოვნია თუ არა საქმეში არსებული ხელკეტები გამოძიების მიერ. 

"იმავე რეჟიმში ვაგრძელებთ ვერსიების გამოკვლევას. გუშინ ვიყავი საგამოძიებო ორგანოში. ხელმძღვანელობასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა შესაძლო ვერსია. გავცვალეთ ინფორმაცია და ერთმანეთის მოსაზრებები მოვისმინეთ. გადავწყვიტეთ კიდევ რაღაც კუთხით ვიმუშავოთ. პირველადი დათვალიერებით ბავშვს აღენიშნება დაზიანებები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო ამ დაზიანებების მიზეზი და მიყენების დრო - ანუ სიცოცხლის პერიოდის იყო თუ გარდაცვალების შემდგომი პერიოდის. რაც შეეხება ხელკეტებს, ვიცოდით, რომ ხელკეტებით გადმოვიდნენ მანქანიდან პირები, რომლებიც ერთ-ერთ თანამგზავრს გაუსწორდნენ ფიზიკურად. არ მაქვს საფუძველი კონკრეტული რამ დავასახელო. ნიმუშები აღებულია და გადაგზავნილია ექსპერტიზაზე", - განაცხადა ფეხბურთელის ბიძამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება - გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია.


close დახურვა