რუსული დამოუკიდებელი მედია მედუზას ცნობით, ოკუპანტების ე.წ ადმინისტრაციამ ხერსონის რეგიონში კახოვკას დასახლებაში, რომელიც მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, თანამშრომლების ევაკუაცია გამოაცხადა.
მედუზას ცნობით, ამის შესახებ მარიონეტული ადმინისტრაციის ტელეგრამ არხებზე დაიწერა.
„დღეს ადმინისტრაცია არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერორისტული თავდასხმების ნომერ პირველი სამიზნე ამიტომ, ხერსონის ოლქის მთავრობის ბრძანებით, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გადავდივართ უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე, საიდანაც გავაგრძელებთ დასახლების მართვას“, - მედუზას ცნობით, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
გამოცემის ცნობით, ე.წ ადმინისტრაციის ლიდერმა, პაველ ფილიპჩუკმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე 15-კილომეტრიან ზონაში სამხედრო ოპერაციები დაიწყოს, შესაბამისად რეგიონში სამხედროების რაოდენობა იზრდება, რაც უკრაინის ყურადღებას იქცევს.
„ყოველ დღე იზრდება სამხედროების რაოდენობა. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყურადღებას იპყრობს. ზოგიერთი სამხედრო სტრუქტურები და გამაგრებები შენდება ამ ტერიტორიაზე“ - განაცხადა ფილიპჩუკმა.
კახოვკას დასახლება დნიპროს მარცხენა სანაპიროზე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის ზედა შენაკადთან მდებარეობს.
31 ოქტომბერს ოკუპანტებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე 15-კილომეტრიან ზონაში, მათ შორის კახოვკას დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.