ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს და სააკაშვილი ითვალისწინებს ხალხის პოზიციას, რომელიც ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სამკურანლოდ გადაყვანას.
ხერხეულიძე ხაზს უსვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი არა რომელიმე საავადმყოფოში მოხვედრა, არამედ ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლაა.
"იქიდან გამომდინარე რომ მის შიმშილობის ფორმით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი ის განიცდის ძალიან ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს [ხოშტარიას] მდგომარეობას, რომელსაც იცით, რომ მე-17 დღეა დღეს უკვე შიმშილობის და რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, აქედან გამომდინარე ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას ახლა და ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, მაგრამ ეს არ არის მისი არჩევანი, არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია, არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას...
[...] მე ვთხოვ ყველას ვისაც ეს [გადაყვანა] ხელეწიფება, რომ ძალიან მალე მოხდეს ამ დეტალებზე შეთანხმება, არანაირი წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არსებობს და ახლა ყველა ჭორი და მითი რომ ახლა სხვა პრეტენზია აქვს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა კიდევ გიმეორებთ ის ამისთვის აქ არ არის ჩამოსული არის ამ რეჟიმის დასასრულებლად." - ამბობს ეკა ხერხეულიძე
ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია გამოაცხადებს.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.