ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა. მისი თქმით, ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა თავად განუცხადა და უთხრა, რომ ეს მედიისთვის ეცნობებინა.
"გუშინ ჩატარდა ჩხრეკა და შედგა ოქმი. მან მთხოვა, მედიისთვის მეცნობებინა, რომ მოხდა აღწერა ოთახის, არ ვიცი, რა არის ამოღებული, მაგრამ ჩატარდა ჩხრეკა. მხოლოდ და მხოლოდ დამძიმდება ასეთ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, თუ არ მოხდება მისი დახმარება ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, ნებისმიერი პრობლემა კიდევ უფრო გართულდება", - განაცხადა მან.
ფორმულა ამ საკითხზე პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ ექსპრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა FBI-მ ჩაატაროს. ამასთან, ადვოკატმა დღეს აღნიშნა, რომ მათ ახალი შეზღუდვები დაუწესეს. კერძოდ, ოჯახის წევრებს წერილების გამოტანა, ხოლო ადვოკატებს შაბათ-კვირას ექსპრეზიდენტთან შესვლა აეკრძალათ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.
19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა. ზელენსკიმ თქმით, "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".
"მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, შობის წინ. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეჩერდეს.
გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში. დროა, გადაიდგას ეს ნაბიჯი!"- თქვა ზელენსკიმ.
***
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.