logo
ENG



ხვიჩია: არ ვიბრძოლებთ ბიბლიური თავისუფლებისთვის, ვიბრძოლებთ სავალდებულო ჯარის გაუქმებისთვის

12 დეკ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩია: არ ვიბრძოლებთ ბიბლიური თავისუფლებისთვის, ვიბრძოლებთ სავალდებულო ჯარის გაუქმებისთვის

გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებზე ამბობს, რომ აპირებს იბრძოლოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის, მაგრამ არა - ბიბლიური თავისუფლების გადარჩენისთვის.

"ჩვენ 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად უანგაროდ ვეხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება. როგორც წესი, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფა. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ყველა ჩვენი არგუმენტი ამისკენ იქნება და ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ბიბლიური თავისუფლების გაუქმებასაც. არ ვიბრძოლებთ ბიბლიური თავისუფლების გადასარჩენად, პირიქით, ვეცდებით, რომ ქართველ ხალხს გასაგებად ავუხსნათ, რომ არც აქამდე გვიკეთებია ანტიქართული საქმე, არც აქამდე ვყოფილვართ ე.წ სექტანტები, რასაც გვეძახდნენ. ძალიან ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ საქმეს ვაკეთებდით"- თქვა ხვიჩიამ.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ აღმოიფხვრება ის "საკანონმდებლო ხარვეზი" და "გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა", რომლის მეშვეობითაც, პრემიერის თქმით, "გირჩი" ახალგაზრდებს ჯარიდან თავის არიდების საშუალებას აძლევდა.

ღარიბაშვილის თქმით, ეს საკითხი საპატრიარქოსთან განიხილეს.

ამ განცხადებას გამოეხმაურა გირჩი - მეტი თავისუფლება და აღნიშნა, რომ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან".

პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საპატრიარქოს ინტერესებშია ძვირადღირებული სისტემის შენარჩუნება, რათა ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობა დროში გაიწელოს.


close დახურვა