გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული სისტემა ბუნებრივი ბარიერით ვერ განახორციელა, რადგან "გუნდშიც ვერ გაუგეს".
როგორც მან TV პირველის ეთერში ისაუბრა, ეს იდეა დარჩა და ახლა ყველას მოვალეობაა, განსაკუთრებით ქართული ოცნების წევრების, ამ იდეის განხორციელებაზე იმუშაონ.
"რაც არ უნდა ცინიკურად და ირონიულად ჟღერდეს ეს, მე მართლა ასე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავარი მმართველობითი სისტემა გადმოსცა ერთ წინადადებაში და უთხრა ქართველ ხალხს, როგორ უნდა ეცხოვრათ ზოგადად, მართალია, მან ეს ვერ განახორციელა, იმიტომ, რომ საკუთარ გუნშიც კი ვერ გაუგეს ამ იდეის სიდიადე, მაგრამ ეს იდეა დარჩა. მე ამისთვის ბიძინა ივანიშვილს სულ მადლობას ვეუბნები და ახლა ჩვენი ვალდებულებაა, მათ შორის ქართული ოცნების დღევანდელი წევრები ჩემზე მეტად უნდა გრძნობდენ ამ ვალდებულებას, რომ ეს სისტემა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა და სხვებმა, ჯერჯერობით, ვერ გაიაზრეს, ქართველ ხალხს ჰქონდეს, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც სულ გვქონდა, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ერთმანეთის ჭამა, ამაზე იფიქრა იმ კაცმა", - განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ 2 თებერვალს თქვა, რომ 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილმა პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნა კი არასწორი იყო. მისი თქმით, ახლა ამ მოთხოვნას მხარს არ დაუჭერდა.
მამუკა მდინარაძემ გუშინ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში". ეს კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.