გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე მის გარდა კიდევ ერთი ოპოზიციონერი იყო.
„არ მითქვამს დღეს და აქ ვიტყვი, შეხვედრაზე დამატებით იყვნენ ერთი ხელისუფლებისა და ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი. ოპოზიციის წარმომადგენელი იყო ნათელაშვილის ოფისში შეხვედრებში მონაწილე პარტიიდან. საჯაროდ მხოლოდ მე ვთქვი. მე არ მგონია, რომ ამას შეიძლება, მნიშვნელობა ქონდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.
„თალაკვაძეს შევხვდი და ვუთხარი როგორ შეიძლება დაიწიოს ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ, - ამ განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ შეხვედრებთან დაკავშირებით აკეთებს.
მისი განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი არჩილ თალაკვაძე იყო, რომელსაც მისი მოსაზრება აინტერესებდა ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად.
გირჩის წარმომადგენელის განცხადებით თალაკვაძეს უთხრა, რომ დიალოგის აღსადგენად პოლიტიკური პატიმრების ციხიდან გამოშვება და „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული პროპორციული არჩევნების შესრულებაა საჭირო.