logo
ENG



ხვიჩიას აზრით, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ლიდერების მოწოდებები მყისიერ საფრთხეს არ ქმნიდა

12 სექ 202110:34
3 წუთის საკითხავი
 
ხვიჩიას აზრით, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ლიდერების მოწოდებები მყისიერ საფრთხეს არ ქმნიდა
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, 5 ივლისს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მოწოდებებს მყისიერი საფრთხე არ შეუქმნია. 

აქციაზე, რომელიც ჰომოფობიური მოტივით დაიგეგმა და მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ძალადობისკენ მოწოდებები, ამასთან, სასტიკად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისები, იაგო ხვიჩიასთვის მოწოდებას რეალური საფრთხე არ შეუქმნია. 

ფორმულას ეთერში, გადაცემაში საქართველო ირჩევს, იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ "არ იცის რეალური მაგალითი სამყაროში, როცა გამოხატვის თავისუფლებამ რეალური, მყისიერი საფრთხე შექმნა". 

"მგონია, რომ ძალიან საშიში და სახიფათოა მოწოდების გამო ადამიანის დასჯა. იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, ვიღაცამ რომ მოუწოდა, იმან გამოიწვია ეს დანაშაული თუ მანამდე იყო დაგეგმილი დიდი ხნით ადრე. მოწოდებამ რა გავლენა მოახდინა ამაზე, ამას ვერავინ დათვლის. 

მაგრამ, როცა სისტემას მოუნდება, თუ შენ კურთხევას გასცემ მოწოდების გამო ადამიანის დაჭერაზე, ნებისმიერ ისეთ სიტყვაზე, ნებისმიერ ისეთ ნათქვამზე, რომელიც არ მოეწონება, სისტემას, გააფორმებს, როგორც მოწოდებას და ეს გახდება ადამიანების დასჯის წყარო. 

გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას და არა ის, რომ გაუმარჯოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ამას არ სჭირდება გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება სჭირდება ისეთი სიტყვების თქმის უფლებას, რომელიც არავის არ მოსწონს, ყველა აპროტესტებს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება მაგიტომაა გამოხატვის თავისუფლება, რომ ეს დაიცვას.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც შეიძლება არსებობდეს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არის თუ ეს გამოხატვის თავისუფლება ქმნის მყისიერ, რეალურ, იმ წუთიერ საფრთხეს. არა მხოლოდ იქ [5 ივლისს] არ ქმნიდა, არამედ მე სამყაროში მაგალითი არ ვიცი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ შექმნა მყისიერი, იმ წუთიერი და რეალური საფრთხე". - თქვა ხვიჩიამ

5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში რუსთაველის მეტროდან ღირსების მარში უნდა გამართულიყო. 

მოძალადე ჯგუფები აქციის დასარბევად კვირების განმავლობაში ემზადებოდნენ. პრორუსული მედია ალტ ინფოს ლიდერი, ზურაბ მახარაძე ძალადობას პირდაპირი ეთერის გზით აანონსებდა. 

მოძალადე ჯგუფებმა აქციის დასარბევად შეკრება წინა ღამეს დაიწყეს. 5 ივლისის დილით 10:00 საათიდან კი მათ ჯერ პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციური კარვები აიღეს, შემდეგ კი ჟურნალისტების ცემა დაიწყეს და მათ ფიზიკურად რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ.

მათ ასევე დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისები. პრაიდის ორგანიზატორებს უწევდათ სხვადასხვა ადგილას დამალვა, ვინაიდან მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, მოძალადე ჯგუფები კი მათ ადგილსამყოფელს მალევე იგებდნენ. 

რუსთაველის გამზირზე პოლიცია მცირე რაოდენობით იყო მობილიზებული.

სირცხვილიას ოფისში შეჭრამდე რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონსტანტინე მორგოშიამ გააკეთა განცხადება "500 კაცის შეკრების" შესახებ, რომლებიც ოფისისკენ დაიძრებოდნენ. 

ასევე, მღვდელმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა: "არა ძალადობას კი არა, დიახაც, უნდა ვიძალადოთ სამშობლოსთვის". 

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება დაახლოებით 12:00 საათზე გააკეთა და მაშინ, როცა მოძალადეები თბილისის ქუჩებში ადამიანებს სასტიკად სცემდნენ, პასუხისმგებლობა თბილისი პრაიდს დააკისრა. 

"დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე". - განაცხადა ღარიბაშვილმა მაშინ, როცა მოძალადე ჯგუფები ჰომოფობიური მოტივით თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. 

სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე დაშავდა 53 ჟურნალისტი. ერთ-ერთი მათგანი, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასტიკად ცემიდან 6 დღეში, 11 ივლისს, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა