logo
ENG



ხმალაძე: საზ.ტრანსპორტის ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული

23 დეკ 202121:40
3 წუთის საკითხავი
 
ხმალაძე: საზ.ტრანსპორტის ტარიფების ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული

თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული.  

"გადახდის ახალ სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა. აქამდე თუ იყო მეტრო და ავტობუსი, ახლა არის მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები. ერთი წლიდან დაწყებული, 90 წუთით დასრულებული სხვადასხვა ფასის და ვადიანი პაკეტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურად აპირებს აბონემენტის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი.

თუ აქტიურია მომხმარებელი, მგზავრობის ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. თქვენ შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება მანქანით მგზავრობის სურვილი, რადგან წინსწრებით გადახდილი გაქვთ და თქვენ უკვე დამატებით აღარ იხდით. ყოველი შემდეგი მგზავრობა თქვენთვის არის ულიმიტო და  უფასო", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, "გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და მგზავრების კომფორტის გაზრდის მიზნით", მიმდინარეობს მუშაობა აბონემენტის პაკეტის საბანკო ბარათისთვის მიბმაზე. ამასთან, ხმალაძე ამბობს, რომ არსებული მეტრომანის ბარათებით მოქალაქეები ისევ ისარგებლებენ. ხმალაძე ამბობს, რომ ახალი ბარათი გამორიცხავს რამდენიმე ადამიანის მხრიდან ერთი ბარათით სარგებლობას.

"მჟამად, მიდის მუშაობა იმაზე, რომ აბონემენტის პაკეტი მიებას  საბანკო ბარათს. ამასაც უახლოეს პერიოდში შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება აბონემენტის ფიზიკურად ქონა და საერთოდ პლასტიკური ბარათის ტარება არ მოუწიოს ადამიანს. პირდაპირ საბანკო ბარათს მიაბას კონკრეტული სამგზავრო პაკეტი. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება კომფორტული გავხადოთ გადახდის სისტემა", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.  

***

პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება.

მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. ასევე, ავტობუსით ერთჯერადად მგზავრობისთვის, ბარათის არქონის შემთხვევაში, მგზავრმა ნაღდი ფულის სახით, 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში. 

სხვადასხვა ხანგრძლივობის სააბონენტო ბარათის ფასები იქნება:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
  • ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.

5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში.

რა ეღირება და როდიდან ამოქმედდება თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო ბარათი


close დახურვა