logo
ENG



ხმალაძე სავარაუდო კორუფციაზე: სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები პერიოდულად მეორდება

02 თებ 202217:21
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების კორუფციის ბრალდებით დაკავებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს პრობლემა "იშვიათად, მაგრამ მაინც დგას".

ხმალაძის თქმითვე, ყველა მსგავს ფაქტს მოჰყვება რეაგირება და "საჭიროა მეტი ყურადღება". 

"სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები პერიოდულად მეორდება, მაგრამ ჩვენ  - დედაქალაქის მერი, მოადგილეები, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა ასეთ ფაქტს მოჰყვება რეაგირება. საჭიროა მეტი ყურადღება და დღეს დედაქალაქის მერმაც ისაუბრა ამ თემაზე. პერიოდულად, ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და შიდა სამუშაო რეჟიმშიც, სამსახურის უფროსებთან, სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს ამ თემაზე კომუნიკაცია. რაც შესაძლებელია, ვაკეთებთ.

თუ მომავალში კიდევ იქნება მსგავსი ფაქტები, ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს გამოძიების საგანია. გამოძიების პროცესში ყველაფერი დადგინდება და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. [...]

ეს პრობლემა იშვიათად, მაგრამ მაინც დგას სახელმწიფო სამსახურებში", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღეს, 2 თებერვალს სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ  ფულად თანხას.

რამდენიმე საათით ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა კორუფციის თემა და თანამშრომლები გააფრთხილა, არ დაუშვან კორუფცია, რადგან "ყველაფერს კარგად ხედავს" და ამაზე რეაგირება ექნება.


close დახურვა