ხმაური და დაპირისპირება ვარკეთილში - სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე 6 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები სკვერში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდეს. აღნიშნულს მოქალაქეების მხრიდან აგრესია და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის გამო ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები მივიდნენ.
როგორც „ფორმულას“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ორი მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაკავებული, რაც ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, ხოლო 4 - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.