logo
ENG



ხმაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა

17 ოქტ 201920:37
3 წუთის საკითხავი
 
pqwvdcr0iiit8sm.png

სახალხო დამცველის ანგარიშის ხმაურიანი განხილვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე წევრები ომბუდსმენის კრიტიკამ გააღიზიანა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას ეხებოდა. სახალხო დამცველის აპარატი ასკვნის, რომ პროცესმა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა. დღეს ომბუდსმენის წარმომადგენელს სხდომაზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.

კვლავ დიპლომები და არა მხოლოდ შალვა თადუმაძის - სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ამ კონკურსის კიდევ რამდენიმე მოსამართლე, რომლის დიპლომთან და განათლების ხარისხთან დაკავშირებით, გარკვეულ ხარვეზებზე და ბუნდოვანებაზე მიუთითებს სახალხო დამცველი მის ანგარიშში, ორი ასეთი კანდიდატი, კონკურსის მონაწილე დღეს იუსტიციის სხომაზეც მივიდა, რათა პირადად მოესმინა სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან ახსნა განმარტება, ესენი არიან მირანდა ირემაძე და გიორგი ტყავაძე, რომელთა დიპლომებთან და მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეულ ბუნდოვანებაზე მიუთითებს ომბუდსმენი ანგარიშში.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნინო ლომჯარია მიკერძოებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიზანმიმართულად უტევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის დღეს მიუღებელი აღმოჩნდა სახალხო დამცველის ის შეფასება, რომელიც უკავშირდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ფორსირებულ პროცესს, ასევე ომბუდსმენის შთაბეჭდილებას, რომ ათი წევრი გარკვეულწილად შეთანხმებულად და ერთობლივად მოქმედებდა ამ პროცესში.

შეგახსენებთ, საუბარია 50 გვერდიან ანგარიშზე, რომელიც სახალხო დამცველმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მოამზადა. ის საჯარო რამდენიმე კვირის  წინ გახდა, დღეს კი საბჭოში შედგა განხილვა.


close დახურვა