logo
ENG



ხმაური რიონის ხეობაში, დაკავებულია 2 პირი - ნამახვან ჰესის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

03 აპრ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock 4358

რიონის ხეობაში ნამახვან ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს განახლდა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დილიდან არიან შეკრებილები და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს. 

რიონის ხეობაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მცირედი დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების დროს დააკავეს 2 აქტივისტი. 

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

ხეობაში კომპანია ენკას ახალი დირექტორი მერან ლომინაძეც ჩავიდა. აქტივისტები მას შეძახილებით: "მონა" და "წადი" დახვდნენ. ლომინაძე ადგილობრივებს შეხვდა, თუმცა შეთანხმება ვერც ამჯერად შედგა.

"ყველა ის სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია მოსამზადებელ ეტაპთან იქნება წარმართული ჩვეულებრივად მიმდინარე რეჟიმში, როგორც ეს იყო ადრე. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს პროექტის შეფერხება...

ის ძირითადი სამუშაოები, რის მიმართაც არსებობს კითხვები, იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია. ​ჩვენ, როგორც კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის", - ამბობს კომპანიის დირექტორი. 

აქციის მონაწილეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და მათი მოთხოვნა უცვლელია.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას 160 დღეა აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.


close დახურვა