logo
ENG



ხმაური ქუთაისში - პოლიციამ გოგი წულაია დააკავა

01 აპრ 202015:30
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მერიასთან ხმაური იყო. ადგილზე „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია სავალუტო ჯიხურების დახურავასთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავდა, რა დროსაც მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. მათ წულაიას ჯერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს, შემდეგ კი, განუმარტეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა.

აღნიშნულს წულაიასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. გამონათქვამისთვის “დედას გიტირებთ” ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გოგი წულაიას დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და სამართალდამცველის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. მას ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს. ის მიიჩნევს, რომ ხალხის გაჭირვებაზე ხელისუფლება და საბანკო სისტემა "ხელს ითბობს". 

„სხვა შემთხვევაში რა მიზანი უნდა ყოფილიყო უამრავი ადამიანის უმუშევრად დატოვება, როდესაც ისინი სხვებზე უკეთ არიან დაცული ვირუსისაგან, რადგან გამოყოფილ, დახურულ სივრცეებში მუშაობდნენ“, - განაცხადა გოგი წულაიამ და მთავრობას სავალუტო პუნქტების გახსნისკენ მოუწოდა.


close დახურვა