2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისადმი პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს არჩევნები და როგორც აღნიშნეს მიმდინარე მოვლენებზე პასუხიმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს.
ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს - ამ სლოგანებით აქციის მონაწელეები ბიზნეს ცენტრისკენ დაიძრნენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია.
თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.