საქართველოს პროკურატურის მიერ დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად დღეს, 7 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს.
ხოშტარია საზოგადოებას, აქციაზე მისვლისკენ და დაკავებულების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"7-ზე მივდივარ პროკურატურასთან წესიერი ადამიანების დაჭერის გასაპროტესტებლად! ვისაც დრო გექნებათ, მოდით. მარტოც რომ ვიყო, 7-ზე იქ ვიქნები და ჩემ სათქმელს ვიტყვი. არ დაგაჩაგვრინებთ ადამიანებს, ამ სიბინძურეს არ შეგარჩენთ. დღეს 7-ზე პროკურატურასთან", - წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".