დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი მოთხოვნა წამოაყენა - გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.
"ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი, პარტია შევთანხმდით, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული მოთხოვნები, რომლის მიღწევასაც ყველა ერთად მოვითხოვთ და აუცილებლად მივაღწევთ.
პირველი, წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოშორდნენ აქედან! ქართული ოცნება ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა არის მისი წასვლა და ის სირცხვილი, რომელიც მან მოსცხო საქართველოს, ჩვენს ისტორიასა და ჩვენს მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია. ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ის აუცილებლად აღარ უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს. ამის შემდეგ, ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას. მესამე, დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც 5 ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი. ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდათ ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგუნურები ამბობენ, რომ არ გვინდა, ამიტომ მესამე მოთხოვნაა ამათი წასვლისთანავე საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი", - განაცხადა ხოშტარიამ.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს, რასაც ხელისუფლება "ქვეყნის ინტერესების" საბაბით ხსნის. გარდა ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.
ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურთ მათ, ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის არგამოცხადებას და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ინდივიდუალურად წასვლის ხელშეშლას. სწორედ ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მოხალისეების ომში წასვლას ხელს არ უშლიან NATO-ს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც საომარ მოქმედებებში ჩართულნი არ არიან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი მორალური უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ხელი შეეშალათ მოხალისეებისთვის.
"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს", - თქვა ზელენსკიმ.