"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სანქციების არიდების და რუსეთთან კავშირების სქემის შესახებ ფაქტები წარმოადგინა.
როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე თქვა, ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარი ხორბალთან დაკავშირებით, ასევე ალი უზდენოვის ვიზიტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ივანიშვილი ამ სქემაში მონაწილეობს.
ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, სანქციებს იმსახურებს.
"7 მაისს გერმანიის განვითარების მინისტრმა რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის და მის პრორუსულ ქვეყნებში გაყიდვაზე ისაუბრა. კერძოდ, ვციტირებ „პუტინმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარა და მას მხოლოდ ცალსახად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს“, 8 მაისს უკვე ზელენსკიმ ისაუბრა, რომ მას არ სურს დაასახელოს კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ რუსეთმა მოიპარა მარცვლეული და მას გაუზიარებენ პრორუსულ ქვეყნებს. 10 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა ანალოგიური განცხადება.
დავუბრუნდეთ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარს ხორბალთან დაკავშირებით და ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. ალი უზდენოვი სასოფლო სამეურნეო ბიზნესში 2016 წლიდან ერთვება და ევტუშენკოვის სისტემის გადაწყვეტილებით, ისინი ქმნიან სასოფლო-სამეურნეო ჰოლდინგ „სტეპს“, 2018 „სტეპმა“, რომელიც სისტემის ნაწილია აზოვის ზღვაში მარცვლეულის პორტის მშენებლობა დაიწყო, ანუ ალი უზდენოვი და ევტუშენკოვი კონკრეტულად არიან ხორბლის ბიზნესში, არიან დიდი მასშტაბით და სხვათა შორის, ღარიბაშვილს წამოსცდა, რომ ეს ვიზიტი სწორედ ხორბალს ეხებოდა და შემდეგ დაიწყეს ამის უარყოფა.
საბოლოო ჯამში, იკვრება სურათი რომ მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ხორბლის სქემაში სანქციების თავიდან არიდების მცდელობებს და ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სქემაში მონაწილეობს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სქემა არის ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის, შესაბამისად, სანქციებს იმსახურებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ხალხი. ამიტომ, პირიქით, ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დასაცავად, რომელიც არის აბსოლუტურად ერთსულოვანია უკრაინის მხარდაჭერაში, უნდა მოვითხოვოთ ყველამ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს სანქცირებული", - თქვა ხოშტარიამ.
25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია "სისტემაში" ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.
ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".
ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს".
26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს".