logo
ENG



ხოშტარია: ევროპარლამენტში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება პოლიტიკური პატიმრების თემა

04 თებ 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

4 ოპოზიციური პარტიის 4 ლიდერი ქალი უკვე ბრიუსელშია. შეხვედრები ელენე ხოშტარიამ, სალომე სამადაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა და ანა რეხვიაშვილმა ევროპარლამენტით დაიწყეს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციონერ ქალ ლიდერებს მოლაპარაკებები ევროსტრუქტურის ყველა წარმომადგენელთან ექნებათ. შეხვედრების დროს ისინი აქცენტს ორ ძირითად თემაზე გააკეთებენ: მომავალი საპარლამენტო არჩევნების სისტემა და ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა საქართველოში. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, საქართველოშ არსებული კრიზისი ეხება არა რომელიმე ერთ პარტიას, არამედ აბსოლიტურად ყველას, მთელ საზოგადოებას.

„ცხადია ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება დემოკრატიის ის კრიზისი, რომელიც ჩვენთან არის და განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა, გიორგი რურუას პატიმრობა, კობა კოშაძის პატიმრობა და გავრილოვის პატიმრების მძევლად ყოფნა საქართველოში“, - განაცხადა ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებს აინტერესებთ თუ როგორ შეიძლება წარმატებით დასრულდეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არსებული მოლაპარაკებები.

„ძალიან აინტერესებთ ევროპარლამენტის წევრებს თუ როგორ შეიძლება მათ მოახდინონ ზეგავლენა იმაზე, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, დასრულდეს წარმატებით და ქვეყანამ თავიდან აიცილოს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და როგორ შეაჩერონ ივანიშვილის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთის გამოყენება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი კი მიიჩნევს, რომ პროპორციული არჩევნები უალტერნატივო გამოსავალია.

„ლელოსთვის ეს არის პირველი მსგავსი ტიპის ვიზიტი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხედავენ, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც ბევრ საკითხზე გვაქვს განსახვავებული მოსაზრებები, ყველანი ვთანხმდებით, რომ პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანად ჩატარება არჩევნების არის უალტერნატივო გამოსავალი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ანა რეხვიაშვილი ამბობს, რომ მან ევროპარლამენტარებს პოლიტპატიმრების წერილი ჩამოუტანა.

„ჩვენ ჩამოვიტანეთ წერილი პოლიტპატიმრებისა, რომლებიც მიმართავენ ცალკეულ პოლიტიკოსებს და ასევე ევროკავშირს, ევროკომისიას, ყველას... იქ არის აღწერილი მათი მდგომარეობა, დაწყებული დაპატიმრების დღიდან დღემდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება მოსალოდნელი არჩვნები“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

 


close დახურვა