მოძრაობა დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პანდემიის პირობებში კონცერტების ჩასატარებლად 700 000 ლარი გამოყო.
როგორც ხოშტარია Facebook-ზე წერს, 5 კონცერტი უკვე ჩატარდა.
"21 ივლისს წულუკიანმა გამოყო 700 ათასი ლარი კონცერტებზე რეგიონებში. 5 უკვე ჩატარდა. უამრავი ხალხი ირევა და ჩნდება ეპიდემიის გადადების კერა. რაში წერია ამ ვითარებაში, როცა ათასობით შემთხვევა გვაქვს ფულის დახარჯვა ხალხის შეკრებაზე? ამის პარალელურად ფული არ იხარჯება ვაქცინაციის პოპულარიზაციაზე, რაც გაზრდიდა აცრილთა რაოდენობას და დაიცავდა ხალხს. მარაზმი",- წერს ელენე ხოშტარია.
საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში 41 907 ტესტი ჩატარდა. ბოლო 24 საათში 19 067 აცრა გაკეთდა, ორჯერადად აცრილია 182 915 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის - 8.98%.
დღეს ბათუმის ბულვარმა განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ასევე, ბულვარის განცხადებაში წერია: "თავი აარიდეთ ჯგუფურ შეკრებას. მაქსიმალურად დაიცავით სოციალური დისტანცია".
რეგულაციების კონტროლის გამკაცრება მოითხოვა საქართველოს ექიმთა საზოგადოებამ. 720 ექიმის მიერ ხელმოწერილ ღია წერილში წერია, რომ საქართველოს სამედიცინო სისტემის კოლაფსის რეალური საშიშროება არსებობს.
"აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგ. 10 კაცზე მეტი); ● გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები", - ამბობენ ექიმები.