დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაიწყეს.
ხოშტარიამ ამის შესახებ სამი პარტიის - სტრატეგია აღმაშენებლის, დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლების ერთობლივ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ ისინი ყველას უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ, ვისაც უწყებებში დაიბარებენ.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. პირველი, რაც მინდა ვუთხრა ხელისუფლებას - არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.
მეორე - დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმეა დასასჯელი, არიან სწორედ ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხნენ.
მესამე- მინდა მივმართო აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაგიბარებენ შსს-ში ან სუს-ში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ დღეს ტელეფონების ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს დაცვას.
მეოთხე - არავინ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაერევით ცალ-ცალკე, ჩვენ ყველა ვართ ერთად, იდეის გარშემო და ეს იდეა არის ამ ადამიანების მათ შორის დაცვა, ამიტომ, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას იქ, სადაც იქნება საჭირო - შსს იქნება თუ სუს-ი"- თქვა ხოშტარიამ.
გუშინ, 12 მარტს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში მშვიდობიან აქციაზე საუბრისას თქვა "60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი".
მანამდე, 10 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაშავებულია შსს-ს 58 თანამშრომელი და " ყველა "დამნაშავე პირი სრული სიმკაცრით დაისჯება".