logo
ENG



ხოშტარია: ჟურნალისტებზე თავდასხმები ხდება ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით

27 ივლ 202119:30
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ჟურნალისტებზე თავდასხმები ხდება ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით

მოძრაობა დროას დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მედიის წარმომადგენლებზე გახშირებულ თავდასხმებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა უკვე ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, თავდასხმები ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით და ორგანიზებით ხდება.

მისივე თქმით, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტიც იყო პირდაპირი გზავნილი, რომ მედიაზე თავდასხმა ამ ქვეყანაში მიღებულია და ამისთვის არავინ დაისჯება.

"ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ჟურნალისტებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ახალგაზრდებს, პრაქტიკულად უწევთ ფიზიკური ჯანმრთელობის საფრთხის ფონზე მუშაობა. უკვე ყოველდღიურია და არაერთჯერადი დღის განმავლობაში, როდესაც კორესპონდენტები და ჟურნალისტები არიან თავდასხმის ობიექტები.

ეს ხდება მინისტრების და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით, ორგანიზებით, მაგალითებით, რასაც ემსახურებოდა სწორედ თეა წულუკიანის ბანდიტური გამოხტომა მთავარის ჟურნალისტის მიმართ. ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა ამ ქვეყანაში არის მიღებული, წახალისებული და ამისთვის არავინ დაისჯება", - აღნიშნა ხოშტარიამ. 

მანვე ჟურნალისტებს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ ფიზიკურად დაიცავს.

"უნდა გვესმოდეს, რომ მედია არის პრაქტიკულად ერთადერთი ინსტიტუტი დარჩენილი ამ ქვეყანაში, რომელიც ვერ მიიტაცა ბევრი მცდელობის მიუხედავად ოლიგარქიულმა რეჟიმმა. ამ რეპრესიების და თავდასხმების ფონზე, მედია არის უპრეცედენტოდ კონსოლიდირებული, იბრძვის და იცავს არა საკუთარ უფლებებს, არამედ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის თავისუფლებას.

თანადგომას ვუცხადებთ ყველა ჟურნალისტს, რომელიც ამ საფრთხეების ქვეშ მუშაობს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ თავისუფლებას, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. ყველას ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებაში, არ გაგივათ! ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებსაც და აბსოლუტურად ყველა მედიას", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ-ერთი ბოლო ინცინდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა. ფორმულას ჟურნალისტ ნინო ვარძელაშვილსა და ადგილზე მყოფ სხვა მედიის წარმომადგენლებს სუს-თან მუშაობის დროს ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა კაცმა.


close დახურვა