logo
ENG



ხოშტარია: როცა ამბობ, პარლამენტში არ შევალ და მერე გადათქვამ, ამომრჩევლის უპატივცემულობაა

08 დეკ 202015:11
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: როცა ამბობ, პარლამენტში არ შევალ და მერე გადათქვამ, ამომრჩევლის უპატივცემულობაა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დასვამს შეკითხვებს, თუ რა პროგრესი დაინახეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე კონკრეტულმა ოპოზიციონერებმა.

როგორც მან მთავარ არხს უთხრა, ამომრჩევლის უპატივცემულობაა, როცა აცხადებ, რომ პარლამენტში არ შეხვალ, შემდეგ კი გადათქვამ, მით უმეტეს, ახსნის გარეშე:

"როდესაც შენ ადამიანებს ეუბნები, რომ აცხადებ ბოიკოტს და არ შეხვალ პარლამენტში, თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, აი, ამის გადათქმა, მით უმეტეს ისე, რომ არ ხსნი არაფერს, რა თქმა უნდა, არის ძალიან არაკეთილსინდისიერი, არაგამჭვირვალე, არანთანმიმდევრული და ამომრჩევლის მიმართ უპატივცემულობა.

ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დაუშვებელია პარლამენტში შესვლა ან რაიმე პროგრესზე საუბარი, ამიტომ დღეს კითხვა, რომელსაც დავსვამ შეხვედრაზე, არის ის, რომ ის ოპოზიციის წევრები, რომლებიც საუბრობენ პროგრესზე შეთანხმებაში, იმის პარალელურად, როცა ოცნება ამბობს, რომ არანაირ არჩევნებზე ლაპარაკი არ არის, უნდა ახსნან, რა პროგრესზე საუბრობენ და არის თუ არა ეს მათთვის შესვლის საფუძველი", - თქვა ხოშტარიამ.

მისი განცხადებით, სიტყვას ქართულ პოლიტიკაში ფასი უნდა დაუბრუნდეს.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა