ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოძრაობა დროა მხარს უჭერს სახალხო მოძრაობას “შინ ევროპისკენ”.
ხოშტარიას თქმით, ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპული მომავალი.
ხოშტარიას თქმით, დეოლიგარქიზაციის გეგმას, რომელიც გუშინ გამართულ აქციაზე გაჟღერდა მოძრაობა დროა სრულ მხარდაჭერას აღუთქვამს.
ის აცხადებს, რომ მთავრობის გადადგომა დეოლიგარქიზაციის მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რასაც ეროვნული თანხმობით დროებით მთავრობის შექმნა უნდა მოჰყვეს. მთავრობის, რომელიც ევროკავშირის გაწერილ 12 პუნქტს შეასრულებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
“რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი, პირველი იმ ვალდებულებების შესრულების, რომლებიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა, ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი არჩევნების პირობებში ხალხს ჰქონდეს საშუალება, დაუსვას წერტილი დეოლიგარქიზაციას და გვყავდეს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი და მთავრობა. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მკაფიო გეგმა.” - განაცხადა დროას ლიდერმა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის ევროპელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის სანქციების დაწესებაზე.
დროას ლიდერი აცხადებს, რომ გარედან სანქციების გზით წნეხით საქართველოს ხელისუფლებაზე, ხოლო ქვეყნის შიგნით მძლავრი სახალხო მოძრაობით შესაძლებელი იქნება დეოლიგარქიზაცია.
24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. ამავე დროს, მათ 3 ივლისს აქცია დააანონსეს.
"ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა."
მათი თქმით, ისინი აძლევენ ხელისუფლებას 1 კვირას იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის თანხმობა.