logo
ENG



ხოშტარია: სამწუხაროდ, ელისაშვილის და იოსელიანის რიტორიკა ქართული ოცნებისას დაემსგავსა

09 დეკ 202014:12
3 წუთის საკითხავი
 

ელენე ხოშტარიას აზრით, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის რიტორიკა ქართული ოცნებისას დაემსგავსა. 

ის მოქალაქეების დღევანდელ შეფასებებს გამოეხმაურა, რომლითაც მათ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების ჩაშლასა და "საბოტაჟში" ევროპული საქართველო დაადანაშაულეს და თქვეს, რომ რევოლუციას არ ემხრობიან. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხერხდება, ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში შესვლას გეგმავენ. 

"სამწუხაროდ, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის რიტორიკა ძალიან დაემსგავსა ქართული ოცნებისას. სიტყვებს: საბოტაჟი და რევოლუცია ორივე იყენებს. 

რევოლუცია არავის უნდა, ოღონდ ამას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ ტოვებს სივრცეს ადამიანების აზრის და პროტესტის გამოთქმის. რევოლუციები არ იგეგმება. კარგი იქნება, თუ შეხედავენ ისტორიას და გაიაზრებენ ასეთ პროცესებს.  

სწორედ იმიტომ, რომ რევოლუცია არ გვინდა, ვსხედვართ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან. ოღონდ ვერავის ვერ მოვატყუებ, რომ მოლაპარაკებები არის ოცნებისთვის, ოცნების გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ან ვინმეს პარლამენტში ჩაჯდომისთვის. თუ მოლაპარაკებებს არ ექნება შედეგი, რაც ერთი მხრივ, ქართულ ოცნებაზე და მეორე მხრივ, ოპოზიციის პრინციპულობაზეა დამოკიდებული. თუ ეს არ მოხდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩიხში შეიყვანს ქვეყანას, არაფერია გამორიცხული, რა მოხდება. ოღონდ ლაპარაკი, რომ მე ბრძოლას არ ვაპირებ, მოლაპარაკებებში მოთხოვნას არ ვაპირებ, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვან, გაყალბებული არჩევნების სანაცვლოდ ხელახალი დაინიშნოს და რეალურიად უბრალოდ შესვლა უნდა პარლამენტში, ამ გზით ვერც რევოლუციას აირიდებ თავიდან და ვერც ქვეყნის განვითარებას მიაღწევ". - თქვა ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.  

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 8 დეკემბერს, ხელისუფლებასთან შეხვედრიდან გამოსული ელისაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტში არ შედის.

ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია - აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე კი 2 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს. 


close დახურვა