logo
ENG



ხოშტარია: წამება და არაადამიანური მოპყრობაა ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაიარა

07 დეკ 202113:13
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: წამება და არაადამიანური მოპყრობაა ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაიარა

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს აშკარად შენიშნა წამების კვალი. 

მისი შეფასებით, სწორედ წამება და არაადამიანური მოპყრობაა ის, რაც მან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გაიარა. 

ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს გუშინ, 6 დეკემბერს შეხვდა. 

"მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაცლილი აგრესიისგან, რეფლექსია წარსულზე და მომავალზე. თავი ძალიან კარგად ეჭირა.

მაგრამ ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი. წამება და არაადამიანური მოპყრობა, რაც მან გაიარა, რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს და მან, ჩემგან განსხვავებით, დამატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა. ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა - დაიზიანე, მორჩი და აღდგა.

ხოდა, დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე, რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის. რეალურად, მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა, პირველ რიგში, არის იმათი შეურაცხყოფა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. ვისაც ძალადობა აწუხებს და მის მიმართ მსგავს ძალადობას და ამ ძალადობის კვალს თვალებში ჩახედავს, შეუძლებელია, ყველაზე მეტად არ შეწუხდეს. ეს, პირველ რიგში, მათი შეურაცხყოფაა". - წერს ელენე ხოშტარია. 

მისი თქმით, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს საქართველოს საზოგადოებას, თან ეს სახელმწიფოს დონეზე ხდება. 

"ჩვენი სინდისისთვის უმძიმესი ტვირთია ის, რაც მის თავს ხდება.

ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემს ემოციებს და პირველი, რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს, გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო. მეც ზუსტად ეს წარმოვიდგინე, ვთქვათ ღარიბაშვილი ან ბიძინა ვნახო ასე უფლებაგათელილი, გული გამისკდება და თავს ვერ ვაპატიებ.

თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, თუ არ დავნერგეთ სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მშვიდად შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. 30 წლის თავზე, იმ უბედურებების მერე, რაც გამოვიარეთ, თუ ამ წერტილის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ კიდევ 30 და მეტი უბედურებაში ვიცხოვრებთ.

მე მაინც მჯერა, რომ ეს ასე არ დარჩება და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწევთ. მე ზუსტად ვიცი, ამისთვის ენერგიას არ დავიშურებ". - ამბობს დროას ლიდერი. 

ელენე ხოშტარია მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 


close დახურვა