პარტია დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ხვალ, 19:00 საათზე სამგლოვიარო აქციას აანონსებს.
"შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს. ხვალ, კვირას 19.00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი", - წერს ხოშტარია.
დღეს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა.
ამ დრომდე მებრძოლების დაღუპვას ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ გამოეხმაურა. განცხადება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე ცხელი წერტილი ამ დროისთვის ბახმუტი რჩება. მისი თქმით, ყველა მებრძოლი ვინც ამ ტერიტორიაზე იმყოფება "უმაღლეს მადლიერებას იმსახურებს".
გარდა ამისა, უკრაინაში ქართველი მებრძოლის რომეო ფარულავას ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი, უკრაინელებთან ერთად, ალყაშია. ფარულავა შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ალყაში ასევე ქართველი მეთაურია, რომელიც დაჭრილია. მებრძოლის თქმით, დაჭრილების გამოსაყვანად ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის დაწყებულია დაღუპულების ცხედრების გამოყვანის ოპერაციაც.