„ეს არის კიდევ ერთი ცუდი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სასამართლო ძალიან ღიად, უტიფრად ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენის გამოტანისთვის „დიდი ფასის გადახდა მოუწევს“.
„ვინც ადევნებდა თვალს სასამართლო პროცესს, ყოველ პროცესზე მტკიცდებოდა ზუსტად იმის საპირისპირო, რა განაჩენიც დღეს გამოიტანეს. მტკიცდებოდა, რომ გიორგი რურუას ნამდვილად ჩაუდეს იარაღი, ნამდვილად იყო სპეცოპერაცია პოლიტიკური ნიშნით მისი დევნის. გასაგებია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი. სწორედ ეს არის ის, რაც უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ზის დღეს ამ მსხვერპლის ადგილას. ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი. გიორგი რურუა აუცილებლად გამოვა, ქართული ოცნება კი დიდ ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.