logo
ENG



ხოშტარია ბერაზე: დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგაა დედიკოს პატივისცემა

10 მარ 202100:22
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია ბერაზე: დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგაა დედიკოს პატივისცემა

პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იმედის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და იხსენებს ფარული ჩანაწერებიდან მონაკვეთს, სადაც ბერა ივანიშვილი ამბობს ფრაზას "დედაშენისას გაჭმევო". 

"დედამისისას აჭმევენო, რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრებს ზურგს. დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები", - წერს ელენე ხოშტარია. 

9 მარტს ტელეკომპანია იმედზე ინტერვიუსას ბერა ივანიშვილმა თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". 

"მოდით, მე არც კი დავიწყებ კამათს ავთენტური იყო, დაამონტაჟეს, თუ არა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის", - ამბობს ის. 

ასევე, მანვე თქვა, რომ ვისაც მისი "დედიკო" არ უყვარს, ის, უბრალოდ საცოდავი ადამიანია. 

"ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით, მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან? ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ არამარტო ჩემი, არამედ, ნებისმიერი ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა პასუხი გასცა, ის უკვე ტერორის მონაწილეა.

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. ეს უბრალოდ ასე არ გამოვა", - ამბობს ბერა ივანიშვილი. 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა