logo
ENG



ხოშტარია გვარამიაზე: შეწყალების არ დაკმაყოფილება იქნება დიდი დარტყმა ევროპული მომავლისთვის

21 აპრ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება, სადაც ისინი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ხოშტარიას თქმით, ორგანიზაციების მიმართვაში უპრეცედენტოდ მკაცრად და მკაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ნიკა გვარამია უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

ხოშტარიას თქმით, ზურაბიშვილს აქვს კიდევ ერთი დილემა და არჩევანი - წავიდეს ოცნების მიმართულებით ან მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს მთავარი არხის გენერალური დირექტორი.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, გრძელდება კონსულტაციები ორგანიზაციებთან და დაგეგმილია კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლა, მათ შორის, საპროტესტო აქციების გამართვა.

"გუშინ საზოგადოება გაეცნო, გამოქვეყნდა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის უფლებების დაცვის და ჟურნალისტების დაცვის ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამ მიმართვაში უპრეცედენტოდ მკაფიოდ და მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს ხდება ერთი წლის შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს პერსპექტივას, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე ჩვენს ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და უნდა გვესმოდეს, რომ არ გათვალისწინება იქნება კიდევ ერთი დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი - ისევ წავიდეს ოცნების მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციას თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს არჩევანი, პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს მასზე, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენს ევროპულ მომავალზე. დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო, იმიტომ რომ თუ დაველოდებით, როგორ ოცნების სხვა ნაწილების შემდეგ, ახლა პრეზიდენტი დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს. ჩვენი კონსულტაციები გრძელდება ყველა ორგანიზაციასთან, მთავარი მოქმედი პირი, ინიციატორი არის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომელიც არის ძალიან აქტიური ამ საკითხში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველანაირ მოქმედებაზე იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვის საკითხში და გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებებზე, იქნება ეს აქციები, პროტესტი, თუ სხვადასხვა ფორმა, რომელმაც უნდა გამოიღოს შედეგად ნიკა გვარამიას შეწყალება", - განაცხადა ხოშტარიამ.

***

ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მოუწოდებენ, შეიწყალოს პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია.

ორგანიზაციები მიესალმებიან სალომე ზურაბიშვილის პოზიციას უცხოელი აგენტების კანონპროექტების შესახებ, მისი დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით და მოუწოდებენ, დაიკავოს ასევე მნიშვნელოვანი პოზიცია პრესის თავისუფლების დასაცავად და საკუთარი უფლებამოსილების გამოყენებით ნიკა გვარამია გაათავისუფლოს პატიმრობიდან.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და "გვარამიას ციხიდან გამოშვება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ".

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა