აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხის განხილვას ფორმულასთან საუბარში მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის პარტნიორები შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ.
"დეტალურად ისაუბრეს მარტო დემოკრატიის ეროზიაზე კი არა, ყველა იმ შემადგენელ კომპონენტზე - არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ცესკო-ს პრობლემაზე, დაშინებაზე, პოლიტიკურ დევნაზე - დეტალურად ისაუბრეს. ამით გვეუბნებიან, რომ ზუსტად იციან, რაში არის პრობლემა და გვაფრთხილებენ, რომ აუცილებლად უნდა შედგეს შეთანხმება", - აცხადებს ხოშტარია.
მისი თქმით, ახლა ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა.
23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე გადაწყვიტეს, რომ აშშ-ს სენატში, შესაძლოა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუცია მიიღონ.
რეზოლუციის მიღების ინიციატივა სენატორმა როს ჯონსონმა წამოაყენა და თქვა, რომ ეს იქნება "მნიშვნელოვანი სიგნალი" მხარეებისთვის, რაც დაეხმარება მათ, ისევ ერთად დასხდნენ.
"მე ვფიქრობ, არ ვაფასებთ იმას, რაც სენატს შეუძლია, პოტენციურად მივიღოთ რეზოლუცია. ჩვენ შეგვიძლია, წავახალისოთ მხარეები, საქართველოში ერთად დასხდნენ. ეს არაა ადვილი, მათზეა დამოკიდებული და ვერავინ აიძულებთ", - თქვა სენატორმა.
სენატორ ჯონსონის იდეს დაეთანხმა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინიც. სხდომის ბოლოს მან თქვა, რომ საკითხის განხილვა გაგრძელდება შემდგომში რეზოლუციის მიღებით.
მანამდე, სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:
"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია".
მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.
"ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა", - თქვა სენატორმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.
"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კენტმა.
საქართველოს საკითხზე მოსმენა აშშ-ს სენატში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად დაინიშნა. დანიელსონის ვიზიტის შედეგად მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი სპეციალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი დანიელსონი მედიაციის მიზნით საქართველოს კვლავ ეწვევა.