დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც ქართული ოცნება დღეს, 14 აპრილს დატოვა და გიორგი გახარიას შეუერთდა, 20 ივნისზე დასმული კითხვის პასუხად რადიკალიზაციის შესახებ ლაპარაკობს.
ბრიფინგზე, სადაც მან და კიდევ 5-მა დეპუტატმა მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადეს, ითქვა, რომ ისინი იზიარებენ დაშვებულ შეცდომებსაც.
კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა 2019 წლის 20-21 ივნისის ღამე, ხოჯევანიშვილმა გუნდის სახელით უპასუხა:
"რა თქმა უნდა, პრობლემები, შეცდომები იყო. ამას ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად ადარდებს, არის რადიკალიზაცია, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება დგას. ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ არის ქმედითი ნაბიჯები საჭირო. ამიტომ არის სწორი ხალხთან დაახლოებული პოლიტიკის გატარება და ამით ჩვენი ქვეყნის განვითარება".
გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნება დღეს, 14 აპრილს დატოვა.
კერძოდ, მმართველი პარტიიდან წავიდნენ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე.
თავად გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადაწყვეტილება მან ნიკა მელიას დაკავების ფორმის შესახებ ქართული ოცნების გუნდთან აზრთა სხვადასხვაობას დაუკავშირა. გახარიას თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელია.
ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი 22 მარტს გააკეთა. როგორც მან თქვა, ჭორების მიუხედავად, "არსად წასვლას არ აპირებს, პოლიტიკაში რჩება და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გაეცემა".