logo
ENG



ხოჯევანიშვილი სუს-ის ფაილებზე: პირველი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება

16 სექ 202112:23
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამჟამად გიორგი გახარიას პარტიის წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ პირველი ადამიანი იქნება, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება. ასე ეხმაურება ის, სავარაუდოდ, სუს-იდან ფაილების გაჟონვას.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ განიხილება ვერსია, ხომ არ იყო ფაილებთან კავშირში გახარია ან ხოჯევანიშვილი.

"ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, რომელსაც ცალსახად გიდასტურებთ და მე მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა", - თქვა ხოჯევანიშვილმა.

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა