ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის საკითხის განხილვა შესაძლებელია.
როგორც მან აჭარის ტელევიზიაზე ისაუბრა, ამის აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი.
"შესაძლებელია ამ საკითხის [ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის] განხილვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი. ჯერ უნდა მივაღიწოთ იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური დაზღვევის მექანიზმი იმისა, რომ ისინი არ იქნებიან სხვისთვის გადამდები და ეპიდემიოლოგიურად ხიფათის შემცველი.
რა თქმა უნდა, თუკი ამ წესებს დავიცავთ - სარესტორნო ბიზნესში თუ შევძლებთ იმას, რომ დისტანცია იქნას დაცული, თუკი იქ იქნება დაცული ის მოთხოვნა, რომ ვიზიტორს ექნება ან აცრის დამადასტურებელი, ან ის, რომ გადატანილი აქვს და ის არ არის გადაცემის საფრთხე, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციების განხილვა შეიძლება", - თქვა ხუნდაძემ.
საქართველოში კომენდანტის საათი უკვე რამდენიმე თვეა, დაწესებულია. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე გადაადგილება აკრძალული აქვთ, რეგულაციის დარღვევისთვის კი მათ 2 000 ლარით აჯარიმებენ.