logo
ENG



ხუნდაძე: უკვე შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ უფრო რთული პერიოდი გველოდება

23 მარ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უკვე პრეკრიზისულ ფაზაში შედის და ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარებული ღონისძიებები არაეფექტური იქნება.

„შევედით უკვე პრეკრიზისულ ფაზაში, მაგრამ წინ გველოდება უფრო რთული პერიოდი, ეს არის კრიზისული პერიოდი, სადაც უფრო მეტი იქნება როგორც დაფიქსირებული, ასევე დაუფიქსირებელი კორონავირუსის შემთხვევები. დღეს უკვე გვაქვს ვითარება, რომლის ეპიდმისამართი არის რთული დასადგენი, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია, თქვენს ხელთაა ბერკეტი, აიცილოთ თავიდან ეს დაავადება, ასევე დაიცვათ სხვების ჯანმრთელობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 3320 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235. ვირუსი 5-მა პაციენტმა დაამარცხა. 


close დახურვა