მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა უკვე 1 საათზე მეტხანს მიმდინარეობს. სავარაუდოდ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, გამკაცრდება თუ არა კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრაზე კომისიის წევრები ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნობიან. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კომენდანტის საათის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას. მისივე შეფასებით, ქვეყანა არის პრეკრიზისულ ფაზაში, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"ამ ეტაპზე კომენდანტის საათის შემოღების საჭიროება არ არსებობს. მთავარია ის რეგულაციები რაც დაწესებულია, შევასრულოთ. საბედნიეროდ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამ რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს პროცესს. შესაძლოა ეს მცირე ნაწილი, იმ პასუხისმგებლიანი ნაწილისთვის აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი რეალური და მასშტაბური გახდეს. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიმახსოვროთ, რომ შესაძლოა ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას ვავნოთ, არამედ მთლიან საზოგადოებას და ქვეყანაც კი დავაყენოთ რისკის ქვეშ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.