logo
ENG



ხუნდაძე აშშ-ის სანქციებზე: დასავლური დემოკრატიის შავი დღე

07 ივნ 202412:02
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესებას "დასავლური დემოკრატიის შავ დღეს" უწოდებს. ის კვლავ აგრძელებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ საქართველოს "მაიდანიზაცია" ემუქრება და თითქოსდა რუსული კანონი სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება.

"ეს არის უხეში ჩარევა შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. ეს არის დემოკრატიის ზეწოლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. ეს არის წინაპირობა , რომ თბილისშიც მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ამდაგვარია, გვირჩევნია ვიყოთ დასანქცირებულები, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები. ჩემი სიძე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოკიდებულება არის საპირისპირო, იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი იმყოფება აშშ-ში, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი დავთმო", - განაცხადა ხუნდაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე, დაახლოებით, 30 პირს სავიზო სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა შეეხება ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.

კითხვაზე უშუალოდ რამდენ ადამიანს შეეხებოდა სავიზო შეზღუდვა, მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით 30 ადამიანს. გარდა ამისა, მას უშუალოდ პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს. კონკრეტულ ვინაობას გავიგებთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი აშშ-ში ჩასვლას ეცდება.

რაც შეეხებათ მათ, ვისაც ვიზა უკვე აქვს, მილერის თქმით, ისინი სანქციის შესახებ ინფორმაციას შეიტყობენ, რადგან შეზღუდვა ძალაში დღეს შევიდა. 


close დახურვა