დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, ამბობს, რომ ქართული ოცნების თითოეულ წევრთან "პრაქტიკულად ყველა თემაში თანხმდება, გარდა ერთისა, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე".
ხუნდაძე ამბობს, რომ "საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს იქნებიან და ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ".
"ჩავთვალე ამ ეტაპზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ ქართულ ოცნებასთან, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრდასხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი.
დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მზიანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან", - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ხუნდაძემ "ოცნებიდან" წასვლის შემდეგ.
სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნების ფრაქცია, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დღეს, 28 ივნისს დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.
ინფორმაცია ამაზე თავდაპირველად ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გაავრცელა და მიზეზად "ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი" დაასახელა.
ეს მეორე შემთხვევაა, როცა დიმიტრი ხუნდაძე "ქართული ოცნების წინააღმდეგ წავიდა". პირველად ის 2019 წელს დაჩი ბერაიასთან ერთად "აჯანყდა". ის ფორმალურად იყო ინიციატორი იმ პროცესისა, როცა მმართველმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დაპირება უკან წაიღო და სრულად პროპორციული არჩევნების საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდო.
2022 წლის 10 ივნისს კი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ მიღებული რეზოლუცია იყო "ქართველი ხალხის შეურაცხყოფა" და რომ ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა. შესაბამისად, მისი განცხადებით, "თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას".
რაც შეეხება მდინარაძის მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ პარტიიდან წასული დეპუტატების აზრით, "ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს" - ევროპისთვის "ფარდის ახდაზე" რამდენჯერმე ილაპარაკა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
11 ივნისს მან თქვა, რომ საქართველო არაფერს "მათხოვრობს" და ევროკავშირისგან დამსახურებულ და სამართლიან დამოკიდებულებას ელის, ამიტომ, თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება "უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება", ყველაფერს „ფარდას ახდის".
17 ივნისს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ აპირებს, "ფარდა ახადოს" ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორებს. ამ დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ გასცემს რეკომენდაციას, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი - არა. კომისიამ ჩამოთვალა მთელი რიგი პირობები, რაც საქართველოში კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს.
მმართველმა პარტიამ დასახელებული "ევროპული პერსპექტივა" გამარჯვებად წარმოაჩინა, ირაკლი კობახიძემ კი თქვა: "ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ".