logo
ENG



ხუნდაძე სააკაშვილს: ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის

05 მაი 202211:33
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. როგორც დეპუტატი მიმართვაში წერს, პოლიტიკური მიზნების გამო სააკაშვილს არ აქვს სურვილი მისი "ჯანმრთელობა დაცული იყოს". ხუნდაძე ყოფილ პრეზიდენტს ურჩევს მკურნალ ექიმს დაუჯეროს.

"ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი. მითუმეტეს, მე არ გახლავართ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად გჭირდებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, დაუჯეროთ მკურნალ ექიმებს და შეასრულოთ მათი რეკომენდაციები და რჩევები.

რაც შეეხება ციხიდან გათავისუფლებას დადგენილების საფუძველზე, მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი, სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა. თქვენი მომართვიდან ვრწმუნდები, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლით. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოგვიწოდებთ, თქვენგან გამოსულებმა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ", - აცხადებს ხუნდაძე.

4 მაისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოცნების დეპუტატებს, დავით სერგეენკოსა და დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდა, მოინახულონ ის არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა.

ოცნების დეპუტატების გარდა, სააკაშვილმა მოუწოდა პარლამენტის სხვა ექიმ წევრებს ციხეში შესვლის შემდეგ, საჯარო განცხადებები გააკეთონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიები გამართონ.


close დახურვა