logo
ENG



ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

19 ნოე 201913:06
3 წუთის საკითხავი
 
i84mmq84rnw32h0.jpg

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ახალი ინიციატივით გამოდიან. ისინი სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ავრცელებს. როგორც დეპუტატის განცხადებაშია ნათქვამი, დეპუტატების მიერ შემუშავებული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ შეტანილი არის. ასევე, ხუნდაძის თქმით, ამ ინიციატივის განხილვა ამ ეტაპზე არც მმართველ გუნდთან მომხდარა. 

"მიუხედავად იმისა, რომ სამივე ძირითადი საარჩევნო სისტემა - მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული - თანაბრად დემოკრატიულ და, შესაბამისად, ლეგიტიმურ სისტემებად არის მიჩნეული, მსოფლიო სტატისტიკა მაინც მაჟორიტარული კომპონენტის მქონე სისტემების უპირატესობაზე მეტყველებს. ჩვენს პირობებში კი, როდესაც ასობით პარტიას, მათ შორის, ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილს, პრაქტიკულად, იდენტური პროგრამები და პლატფორმები გააჩნიათ, რომლის თაობაზე, ხშირ შემთხვევაში, არათუ ამომრჩეველს, თვით ამ პარტიის წარმომადგენლებსაც უჭირთ დისკუსიის წარმართვა, - პროპორციული საარჩევნო სისტემა უბრალოდ დააბნევს ამომრჩეველს, ხოლო შინაარსის არმქონე, ლამაზ-ლამაზი დასახელებებით გადავსებული საარჩევნო ბიულეტენი გაურთულებს მას პასუხისმგებლიან არჩევანს, რადგან გაძნელდება განსაზღვრა, პერსონალურად ვინ დგას ამ დასახელების უკან - რა წარსულის, ავტორიტეტის, პრინციპების თუ ხედვის ადამიანი.

"ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემის დაფუძნების დროს, უპირველეს ყოვლისა, იმ საარჩევნო ტრადიციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლებსაც სინამდვილეში იზიარებენ და უპირატესობას ანიჭებენ ჩვენი თანამოქალაქეები. ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ის უდავო ფაქტი, რომ დღეს, დასავლური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს შორის რაიმე არსებითი განსხვავებების მიგნება ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეებისათვის უბრალოდ შეუძლებელია. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებიც მრავალი ასპექტით მსგავსია, თუმცა რადიკალურად და ფუნდამენტურად საპირისპიროა მათი პოლიტიკური საქმიანობის ტაქტიკა, რეალური მოქმედებები და ქცევის წესები. ამიტომ, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობისათვის გაცილებით ადვილი და კომფორტულია შეაფასონ არა პოლიტიკური პარტიები, მათი აბსტრაქტული და ვირტუალური პროგრამებით, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი წარსული საქმიანობით მოიპოვეს მხარდაჭერისათვის საკმარისი ნდობა და პატივისცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის", - ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სწორედ დიმიტრი ხუნდაძის და მისი თანამოაზრეების გამო, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს. ხუნდაძე პროპორციულ საარჩენო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო და კენჭისყრაზე საკითხის მხარი არ დაუჭირა. ეს ფაქტი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციიების დაწყების მიზეზი გახდა.

 

 

 


close დახურვა