logo
ENG



ხუნდაძის აზრით, ოჯახში ძალადობა ემოციურ ფონზეც ხდება, ის მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს

30 დეკ 202011:40
3 წუთის საკითხავი
 

დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, ციხიდან ოჯახში ძალადობის გამო დაკავებულებიც გათავისუფლდნენ. 

ქართული ოცნების დეპუტატის აზრით, ოჯახძი ძალადობის ნაწილი ემოციურ ფონზე ხდება და ამიტომ, შესაძლებელია, ამნისტიის კანონი ოჯახში მოძალადეებსაც შეეხოს. 

"კი, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპულად ნეგატიური დამოკიდებულება. მე ბევრ ოჯახთან ვილაპარაკე და მათი ნათქვამიც მოვიტანე და არა მხოლოდ მათი ნათქვამი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათსას, ვთვლი, რომ ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო. 

არის ისეთი შემთხვევები, როცა კონფლიქტი ემოციურ ფონზე წარმოიშობა. რა თქმა უნდა, ამას გამართლება არ აქვს, დამდგარ შედეგს, თუნდაც ეს ემოციის ფონზე იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა". - თქვა მან.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონს განიხილავს, დიმიტრი ხუნდაძემ ისიც თქვა, რომ მოძალადეები მისი ოჯახების ეკონომიკური პრობლემებიც გამოც უნდა გათვისუფლდნენ. 

როცა მსხვერპლი მოძალადისგან ვერ მიდის, ვინაიდან მასზე ფინანსურად არის დამოკიდებული, ეს დამატებით ეკონომიკური ძალადობაცაა. 

 "პირველ რიგში აუცილებელია სოციალური ფონის გათვალისწინება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე. როცა ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს, როგორც მთელ ქვეყანას - ოჯახები არის გახლეჩილი. ბევრი პრობლემაა: ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფრისი (ოჯახის უფროსები არიან ამის ჩამდენები, სამწუხაროდ), არათუ ეხმარებიან, ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიკური მხარეც ძალიან მძიმე და შეუსაბამო ხდება, მით უმეტეს, ამ ვითარებაში". - თქვა მან. 

ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიციატორის თქმით, ის არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ითვალისწინებს იმათ გათავისუფლებას, ვინც საზოგადოებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ამნისტია ეხება 44 მუხლს, მათ შორის ნარკოდანაშაულებს, ქურდობას, ფალსიფიკაციას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ მუხლს. 

საქართველოში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. 

პროკურატურის 10 დეკემბრის განცხადებით, 2020 წელს ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3957 კაცის მიმართ, რაც წინა წლების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება;

ქალთა მიმართ და ოჯახში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებში გაიზარდა სპეციალიზებული პროკურორების მხრიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ (რაც უტოლდება 2019 წლის მთლიან მონაცემებს), ხოლო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაზარალებულად ცნობილ იქნა 126 ქალი.

2020 წელს პირველად გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა ქალთა მკვლელობის საქმეებში;

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 158 პირის მიმართ (2019 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია), ხოლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ იქნა 174 პირი; 

ამასთან, სახალხო დამცველის ცნობით, ​2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალი მოკლეს, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. ამასთან, იყო 20 ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.


close დახურვა