logo
ENG



ხუცუბნის ერთადერთი სკოლა შარშან დაანგრიეს, მშენებლობა არ დაწყებულა - ენმ კორუფციაზე საუბრობს

04 თებ 202213:07
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბანში ერთადერთი სკოლა დაახლოებით 1 წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენება კი ჯერ არ დაწყებულა. ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.

ხუცუბანში არსებულ სკოლაში განათლებას 300-მდე ბავშვი იღებდა. სკოლა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით დაანგრიეს, მშენებლობა კი მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. დემონტაჟის შემდეგ კი ბოლო 1 წელია მოსწავლეებს მეზობელი სოფლის სკოლაში უწევთ სიარული.

ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენელი, ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ სკოლის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილამდე მისასვლელი გზაზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტს პრობლემები შეექმნებოდა, გზის მოწესრიგების პროცესში კი აუცილებელი იქნებოდა არსებული გაზის მილების დემონტაჟიც, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული თავდაპირველ პროექტში კი ეს ფაქტორები და შესაბამისი ხარჯი გათვალისწინებული არ ყოფილა.

„სკოლის დემონტაჟი მოხდა ისე, რომ მშენებლობის დაწყებისას აღმოაჩინეს, რომ მაღალი გამავლობის მანქანები ადგილამდე ვერ მოვიდოდა და სოკარ ჯორჯიას გაზის, ბუნებრივი აირის მილები ყოფილა გადასატანი, რაშიც დამატებით ფულს ითხოვდნენ კომპანიები, სოკარ ჯორჯია ითხოვდა ფულს, რომ ეს მილები აბსოლუტურად კანონიერად ჰქონდა გაკეთებული და დემონტაჟს იმ შემთხვევაში გააკეთებდა, თუ ფულს გადაუხდიდნენ.

დაიწყო კომპანიასა და განათლების სამინისტროს შორის მიწერ-მოწერა, რომ თუ დაუმატებდა ფულს სამინისტრო გაზის მილების გადასატანად, იმიტომ რომ სოკარ ჯორჯია გაზი სთხოვდა ფულს და თუ მისცემდა დამატებით თანხებს, რომ გავაკეთო მოსასვლელი გზა და ასე შემდეგ.

ამ დროს ბავშვები არავის ახსოვს. ეს ბავშვები რომ დადიან მეზობელ სკოლაში, შუადღის შემდეგ რომ იწყება მათი სასწავლო პროცესი, ღამე გვიან რომ ბრუნდებიან ოჯახში და წელს რომ ემზადებოდნენ რომ ხუცუბნის სკოლაში, ადგილობრივ ტერიტორიაზე უნდა დაეწყოთ სწავლა, აღმოჩნდა რომ წელსაც კი ვერ მოახერხებენ სასწავლო პროცესის გაგრძელებას ამ სკოლაში, იმიტომ რომ სკოლა არ არის, არის ნანგრევები.

ეს ნიშნავს რას: სახარჯთაღრიცხვო პროექტის მომზადებაში თავიდანვე სამინისტრომ გადაიხადა ასიათასობით ლარი და ის გამორჩათ იმ სპეციალურ სამსახურებს, ვინც ეს პროექტი შეადგინა, რომ თურმე გზა არ ყოფილა მოსასვლელი და გაზის მილები იყო გადასატანი. ისმის კითხვა: რა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი გააკეთეს “ - ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივიების ინტერესები და პროექტი არაერთი მნიშვნელოვანი შეცდომის მიუხედავად მიიღო, რაც აჩენს ეჭვს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს.

თედორაძის თქმით, ძველი სკოლის დემონტაჟის შემდეგ თავდაპირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 250 000 ლარი აიღო, შემდეგ მათ შეუწყდათ საქმიანობა და სამინისტრომ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარითაა გაზრდილი. სამინისტროს კი თანხის მატების მიზეზები არ განუმარტავს, რაც ოპოზიციისთვის კითხვებს აჩენს.


close დახურვა